24/04/2026
🎨23 აპრილს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ,,მოდის დიზაინის“- III-IV კურსის სტუდენტთა ნამუშევრების შემოქმედებით გამოფენას: „კომპოზიცია, თექა, ნაქარგობა“ – პედაგოგები: ელისო ჩუბინიძე, ლელა კიკნაველიძე, ხათუნა დარსაველიძე.
🎨სტუდენტებმა შეძლეს სამოსის კომპოზიცია და ტრადიციული ტექნიკა – თექა და ნაქარგობა, თანამედროვე ხედვისთვის დაეკავშირებინათ. აქ ნათლად გამოჩნდა ის განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობა, რომლითაც მომავალმა პროფესიონალებმა ამ ექსპოზიციისთვის იშრომეს.
🎨თითოეულმა ნამუშევარმა ორიგინალობითა და შესრულების მაღალი ოსტატობით მნახველზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური დავალების შესრულება; ეს იყო საკუთარი სამყაროს გაზიარება, სადაც თითოეული ხაზი და ფერი ავტორის ემოციურ განწყობას გადმოსცემს. დამსწრე საზოგადოებამ და ლექტორ-მასწავლებლებმა წარმატებები უსურვეს მომავალ დიზაინერებს.
🎨მუზეუმი მუდამ იყო უნივერსიტეტის მხარდამჭერი და მისი წარმატებების გამზიარებელი, რასაც ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს. მისასალმებელია, რომ მომავალი პროფესიონალების პირველი შეხვედრა და პირველი ნაბიჯი საზოგადოებასთან სწორედ ჩვენი მუზეუმიდან დაიწყო.
🎨 შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს! არ დაივიწყოთ, რომ მხოლოდ ნიჭიერებისა და დაუღალავი შრომის სინთეზი ქმნის ორიგინალურ და ავთენტურ ღირებულებას.