23/11/2025
საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს, ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრის განაპირას, სოფლის სასაფლაოზე. ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, თარიღდება XII-XIII სს ( XV-XVI ???) საუკუნეებით.
ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. მის ასაგებად ძირითადად გამოყენებულია შირიმის ქვა. დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. ფასადი შელესილია და შეთეთრებულია კირის ხსნარით.ეკლესიაში შესასვლელი ცენტრალური კარები მდებარეობს დასავლეთ კედელში. კარების თავზე დატანილია სარკმელი. აღმოსავლეთ კედელზე დატანილია ერთი სარკმელი, სამხრეთ კედელზე - ერთი კარი და ორი სარკმელი. ეკლესიის იატაკი მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია საფეხუროვანი პილასტრებით, რომლებიც ინტერიერს ყოფენ სამ რეგისტრად. პილასტრებზეა დაყრდნობილი საბჯენი თაღები. თაღედი შენარჩუნებულია. საკურთხეველის წინ მოწყობილია ხის კანკელი. კედლები შელესილია კირის ბათქაშით და დაფარულია კედლის მხატვრობით.
ეკლესია მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება (ვრცელი რედაქცია), აფსიდში - მსხვერპლის თაყვანისცემა, კამარის სამხრეთის ფერდზე - შობა, მირქმა, ჩრდილოეთის ფერდზე - ხარება, ნათლისღება, სამხრეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება, მეორე რეგისტრზე: წმ. ბარბარე და წმ. მარინე, წმ. თევდორე, ამაღლების კომპოზიციის ნაწილი. მესამე რეგისტრზე: წმ. მეომრის ორ-ორი ნახევარფიგურა, წმ. მარიამ მეგვიპტელი (დასავლეთის თაღი). ჩრდილოეთ კედელზე - პირელ რეგისტრზე: იერუსალიმში დიდებით შესვლა, მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან, მეორე რეგისტრზე; ლასია ქალაქის სასწაული, წმ. გიორგი აღმოსავლეთის თაღში, მესამე რეგისტრზე საქტიტორო გამოსახულებებია; დასავლეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე სულიწმიდის მოფენა, მეორე რეგისტრზე - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და ჯვარცმა, მესამე რეგისტრზე, კარის აქეთ-იქით ქტიტორები.
ეკლესია 1910 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი ვრცლად გვაწვდის ინფორმაციას მასში დაცული სიწმინდეების შესახებ:ადგილზე ყოფილა წარწერიანი ჯვრები (ერთი ხის, მეორე დიდი ჯვარი, ჯვარი სატრაპეზო), გაბრიელ მთავარანგელოზის მოოქროვილი ხატი ასომთავრული წარწერით, წმინდა გიორგის 4 ხატი, ღმრთისმშობლის ხატი, ხატი ვედრება, ცალი კარი კარედი ხატისა, ნატეხი წარწერისა, ბარძიმ-ფეშხუმი და ორი ლახტი რკინისა ექვს-ექვს ფრთიანი.