შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
Contact the museum

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მუზეუმთა ჯგუფი - ხელოვნების მუზეუმი

გვერდი ემსახურება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - ღონისძიებებისა და კოლექციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პოპულარიზაციას.

23/09/2026
22/09/2026

2026 წლის 26 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა „უჩა ჯაფარიძე — 120“.

გამოფენა მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ფართო სპექტრს წარმოადგენს და აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე გამოტანილი 73 ნამუშევარი დაცულია უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან.

უჩა ჯაფარიძე (1906–1988) ქართული სოცრეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა საბჭოთა ეპოქის კულტურულ პოლიტიკასა და მის მიერ განსაზღვრულ მხატვრულ პრიორიტეტებს. ამავე დროს, კარიერის ადრეულ წლებში ჯაფარიძე მონაწილეობდა XX საუკუნის ახალი ქართული ფერწერის ფორმირების პროცესში. მისი ადრეული ნამუშევრები ავლენს მოდერნისტულ ტენდენციებთან დიალოგს, მხატვრული ძიებების სითამამესა და ფორმალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს.

სოციალისტური რეალიზმი — საბჭოთა კულტურული პოლიტიკის მიერ ოფიციალურად დამკვიდრებული მხატვრული მეთოდი — ხელოვნებას არა მხოლოდ სინამდვილის რეალისტურ ასახვას, არამედ საბჭოთა საზოგადოების იდეოლოგიურად სასურველი სახის შექმნასაც აკისრებდა. სოცრეალისტურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კოლექტიური შრომის, სოციალური გარდაქმნის, გმირობის, ოპტიმიზმისა და ახალი ადამიანის ფორმირების თემებს. ამგვარად, მხატვრული ნაწარმოები სახელმწიფო იდეოლოგიის, საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ისტორიული ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად იყო ქცეული.

უჩა ჯაფარიძის შემოქმედებაში სოცრეალიზმის პრინციპები ვლინდება როგორც თემატურ არჩევანში, ისე რეალისტურ მხატვრულ ენაში. მისი მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიული და საზოგადოებრივი თემატიკის კომპოზიციებს, შრომის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებსა და ჟანრულ სცენებს.

მხატვრის ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი და საპატიო წოდებით აღინიშნა. ამასთანავე, ჯაფარიძის ხელოვნება ოფიციალური იდეოლოგიური პროგრამით არ შემოიფარგლება. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად, ნოსტალგიურ და უშუალოდ ნაცნობ მოტივებს: მშობლიურ რაჭას, სოფლის ყოფას, ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს. რეალისტურ ჩანახატებში, ეტიუდებსა და ჟანრულ სურათებში თითოეული ფიგურა ინდივიდუალური ხასიათითაა წარმოდგენილი. ოფიციალური მხატვრული დოქტრინისა და მხატვრის პირადი გამოცდილების ურთიერთმიმართება გამოფენის ერთ-ერთი მთავარი საკურატორო ხაზია.

უჩა ჯაფარიძემ დაწყებითი სამხატვრო განათლება ონის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისში, მოსე თოიძის სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოსე თოიძესთან, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ევგენი ლანსერესთან, სანდრო ციმაკურიძესა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ადრეულ შემოქმედებაზე. მოგვიანებით ჯაფარიძე ჩამოყალიბდა თვითმყოფად რეალისტ მხატვრად და ამ მხატვრული ენის ერთგული სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

რეტროსპექტივა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს უჩა ჯაფარიძის შემოქმედების ჟანრულ და სტილისტურ მრავალფეროვნებას და უფრო სრულად დაინახოს მისი ადგილი XX საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიაში. ექსპოზიცია ერთ სივრცეში წარმოაჩენს მხატვრის ოფიციალურ, საზოგადოებრივად ორიენტირებულ ნამუშევრებსა და მისი პირადი სამყაროს ამსახველ კომპოზიციებს.

15/09/2026

17 სექტემბერს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მოსე თოიძის 155 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის - „მოსე თოიძე – 155. ფერების დიდი ლირიკოსი“ — ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ სამსონ ლეჟავას საჯარო ლექცია.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებენ: მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის კურატორი ქეთევან ბენდელიანი - მხატვრის ბიოგრაფიის უცნობ მხარეებზე, ხოლო ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი -„სახარებისეულ სიმბოლიკაზე მოსე თოიძის „სვეტიცხოველში“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 70-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა), რომელთა უმეტესობა საზოგადოებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ნაწილი კი ახლად რესტავრირებულია.

ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრისა და აკადემიკოს მოსე თოიძის (1871-1953) შემოქმედებაში ორგანულად თანაარსებობდა რეალისტურ-აკადემიური ტრადიცია, პარიზული ფერწერული სკოლის გამოცდილება და იმპრესიონისტულ-სიმბოლისტური ძიებები. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ვრცელი ალბომი-წიგნი (ავტორები: ქეთევან ბენდელიანი, სამსონ ლეჟავა).

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N11
დასწრება თავისუფალია.

01/09/2026

2026 წლის 4 სექტემბერს,18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა "გონის თამაშები", რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

გამოფენა აერთიანებს მხატვრის 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს. ისინი ასახავს ავტორის ინტერესს საგნების, სიტყვების, ნიშნებისა და მნიშვნელობების გადააზრების მიმართ, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ერთგანზომილებიან და უცვლელ მოცემულობად მივიჩნევთ.

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება ადამიანის თანდაყოლილ სწრაფვას, შეიმეცნოს და გამოიკვლიოს გარემომცველი სამყარო. ეს პროცესი ბავშვობიდან იწყება, სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება და აყალიბებს აღქმის, ემოციისა და გამოცდილების მრავალშრიან სისტემას. სწორედ ასეთი შემეცნების დინამიკას იკვლევს თემო ჯავახი, რასაც გონების თამაშის მეტაფორით წარმოაჩენს. გამოფენა მაყურებელს აღქმის იმ შინაგან მექანიზმებზე დაფიქრებას სთავაზობს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ვხედავთ, ვკითხულობთ და ვიაზრებთ რეალობას.

გამოფენის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო.

გამოფენა გრძელდება 2026 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

28/08/2026

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

07/08/2026

📍 მილანის Gallerie d'Italia-ში მიმდინარეობს გამოფენა „სილამაზე და სიმახინჯე აღორძინების ხანაში“, რომელიც რენესანსის სრულიად განსხვავებულ, ბნელ და არატრადიციულ მხარეს წარმოაჩენს.

🖼️ გამოფენაზე, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელისა და სხვა დიდი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ექსპონირებულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული ლუკას კრანახ უფროსის ფერწერული სურათი „შეუფერებელი წყვილი“.

28/07/2026

2026 წლის 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში სცენის მხატვრის, დიმიტრი თავაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის „დიმიტრი თავაძე. სცენის მხატვარი“ პრეზენტაცია, რომელიც დიმიტრი თავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ისტორიას მრავალი გამორჩეული მხატვარი ქმნიდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი თავაძეს უჭირავს, სცენოგრაფს, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა და ქართული სცენოგრაფიის, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

დიმიტრი თავაძე 1911 წელს სოფელ თხილაგანში დაიბადა. მან საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. პარალელურად ხატვას ვანო ჭეიშვილის სტუდიაში პეტრე ოცხელთან ერთად ეუფლებოდა. 1926 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე. 1927 წლიდან მისი შემოქმედებითი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს, სადაც მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, მხატვრად, მოგვიანებით კი- მთავარ მხატვრად. მისი როგორც ამ თეატრის მხატვრის დებიუტი 1932 წელს შედგა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლით - სალტე.

მხატვარი სცენური კონსტრუქციების ტექნიკურ შესაძლებლობათა ღრმა ცოდნით, დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობითა და რეჟისორული კონცეფციის გათვალისწინებით ინდივიდუალურ ხელწერას ავლენდა. თავაძე ყოველ სპექტაკლში სასცენო სივრცეს ლაკონურობით, დამახასიათებელი ზომიერების გრძნობითა და გამორჩეული ფერწერული კოლორიტით ამდიდრებდა.

დიმიტრი თავაძემ ნახევარი საუკუნის განმავლობაში 20 სხვადასხვა თეატრში 160-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. მათი უმეტესობა ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში განხორციელდა. 1933 წლიდან მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში. მხატვარს მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და საქართველოს სახალხო მხატვრის წოდებები. მისი ნამუშევრები დღეს დაცულია თეატრებისა და მუზეუმების კოლექციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

15/07/2026

მოსე თოიძე - 155. ფერების დიდი ლირიკოსი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის (1871-1953) 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 70 ნამუშევარი - ფერწერა და გრაფიკა. გამოფენილი ნამუშევრების ნახევარზე მეტი საზოგადოებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ნაწილი კი ახლად რესტავრირებულია.

მოსე თოიძე (1871-1953) თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. მან განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ილია რეპინის სახელოსნოში მიიღო. მისი სადიპლომო ნამუშევარი მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, 1901), რომელიც თბილისში და პეტერბურგში ორი ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ეპოქალურ, ღრმა ქრისტიანული სიმბოლიზმით აღბეჭდილ ტილოდ მიიჩნევა. განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ისტორიის, ქართველ მეფეთა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა - მწერალთა, პოეტთა, კომპოზიტორთა და მეცნიერთა - წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში.

მოსე თოიძე იყო ხელოვნების გამორჩეული მოღვაწე, ორგანიზატორი და პედაგოგი. 1917-1921 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვართა საზოგადოებას, ხოლო 1922 წელს მის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიაში არაერთმა ახალგაზრდა მხატვარმა მიიღო განათლება. მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო მას სიყვარულით „მამას“ უწოდებდნენ.

საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატის პირობებში მოსე თოიძის შემოქმედების შეფასება ცალმხრივად მოხდა და აქცენტი მხოლოდ მის რეალისტურ-აკადემიურ ნამუშევრებზე გაკეთდა. თუმცა, მის შემოქმედებაში ორგანულად თანაარსებობდა პარიზული ფერწერული სკოლისა და იმპრესიონისტულ-სიმბოლისტური ძიებების გავლენა, რაც განსაკუთრებით მის „მთვარიანი ღამეების ციკლსა“ და შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილ კომპოზიციებში გამოვლინდა. პროექტის ფარგლებში გამოიცა მოსე თოიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა კოლექციიდან შერჩეული 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალა.

გამოცემის ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

გამოცემა განხორციელდა კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „შემოქმედებითი თბილისის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ექსპოზიციის გახსნა და წიგნის პრეზენტაცია:
2026 წლის 23 ივლისი, 18:00 საათი
გამოფენა გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით.
საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი № 11

09/06/2026

11 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, საიუბილეო გამოფენის - “დიმიტრი შევარდნაძე: მხატვარი, დამფუძნებელი, ვიზიონერი“— ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ირინა აბესაძის საჯარო ლექცია.

დასწრება თავისუფალია
შოთა რუსთაველის გამზირი 11

01/06/2026

"ბავშვები ქართულ მხატვრობაში"

2 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა ბავშვები ქართულ მხატვრობაში.

გამოფენის ბავშვები ქართულ მხატვრობაში კონცეფცია ეფუძნება ბავშვის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების, მხატვრულ გააზრებას. ექსპოზიცია წარმოაჩენს, თუ როგორ აისახება ბავშვის თემა ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამასთანავე, საგამოფენო თხრობა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე.

პროექტი აერთიანებს ქართული ხელოვნების საეტაპო ავტორების ნამუშევრებს. მათ შორის არიან ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებლები — ალ. ბერიძე, ალ. მრევლიშვილი, გ. გაბაშვილი, მ. თოიძე; მოდერნიზმის წარმომადგენლები — ნ. ფიროსმანაშვილი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ვ. სიდამონ-ერისთავი, შ. ქიქოძე, ფ. ვარლამიშვილი; აგრეთვე მხატვრები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებშიც შეძლეს ინდივიდუალური სახვითი ენის შენარჩუნება და მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებების შექმნა — ს. ქობულაძე, თ. აბაკელია, დ. ერისთავი, თ. მირზაშვილი, მ. აბრამიშვილი და სხვები.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებსაც, რომლებშიც ბავშვის თემასთან დაკავშირებული ჩვენი დროის აქტუალური საკითხები აისახება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე ფონდ ათინათის კოლექციებში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ხორციელდება. იგი ერთგვარი შეხსენებაა, რომ საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა არის ბავშვებისთვის უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური გარემოს შექმნა — გარემოსი, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების, შემოქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

გამოფენა გაგრძელდება 5 ივლისის ჩათვლით.

Address

თბილისი, R
Tbilisi
0108

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category