11/05/2026
🔹სსიპ აჭარის მუზეუმმა, მიმდინარე წლის 4-10 მაისს, ქალაქ ბათუმში, დეგუვას საერთაშორისო კონფერენციას- „პოსეიდონის სამფლობელოში“- DEGUWA ###I BATUMI უმასპინძლა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 70-მდე დელეგატი მონაწილეობდა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას შავიზღვისპირეთის წყალქვეშა არქეოლოგიის მიმართულებით არსებული გამოცდილება და კვლევითი შედეგები გააცნო. კონფერენციის საინტერესო დღეები გონიოს სანაპიროდან დაიწყო, სადაც დაივინგის ცენტრ „პოსეიდონში“, გონიოს სანაპიროზე ( ზღვის დონე 10-13 მეტრი) განხორციელდა წყალქვეშა არქეოლოგების ჩაყვინთვა.
4 მაისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონია სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა, თეონა ზოიძემ გახსნა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, ბსუ- რექტორი ტიტე აროშიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
🔹 სსიპ აჭარის მუზეუმებში და ბსუ-ში 5 სამეცნიერო სესია ჩატარდა, სადაც მიმდინარეობდა მოხსენებების და პრეზენტაციების წარდგენა შავიზღვისპირეთის წყალქვეშა არქეოლოგიის სფეროში მიღწევებისა და არსებული პერსპექტივების შესახებ. პირველი სესია გახსნეს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თ. ბერიძემ და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ნ.ფალავანდიშვილმა. სესიის მონაწილეებმა და გამომსვლელებმა ისაუბრეს მსოფლიო წყალქვეშა არქეოლოგიაზე, ახალ კველვებსა და აღმოჩენებზე. პროფესიული დიალოგის გამართვის შემდგომ დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საერთაშორისო კონფერენცია 7 დღეს გაგრძელდა და ის- სასესიო დღეების გარდა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს- ქალაქის ტურებს ბათუმში, ქუთაისში, ზემო აჭარაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები დაესწრნენ აჭარის ფოლკლორული ანსამბლის „არსიანის“ კონცერტს, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
სსიპ აჭარის მუზეუმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერ ორგანიზაციებს: აჭარის კულტურის სამინისტროს, ბსუ-ს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანს“ და ბათუმის კულტურის ცენტრს.