19/03/2026
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ფასდაუდებელია მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა და წვლილი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერსა და ფიზიკურ აღორძინებაში. საპატრიარქო ტახტის საჭეთმპყრობელმა, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, შეძლო ერის გაერთიანება და ქართველ ხალხს, განურჩევლად რწმენისა, მისცა უანგარო სიყვარულის მაგალითი და ჩაუსახა იმედი მომავალი ურთულესი გზის გასავლელად.
წარუშლელია სიყვარულით, მადლიერებითა და ნდობით გამსჭვალული მისი დამოკიდებულება ეროვნული მუზეუმის მიმართ. მას ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ წარსულის კვლევა და ჩვენს საუნჯეზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი მისიაა. იგი ხშირად იმოწმებდა კლიმენტი ალექსანდრიელის გამონათქვამს: ,,მარტოოდენ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული მეგობარია ღვთისა“.
მუზეუმის თანამშრომლებს არასოდეს დაავიწყდებათ ილია II-ის ხშირი სტუმრობა მუზეუმში დაცული ანჩის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულზე. იგი როგორც რიგითი ბერი და ერის სულიერი წინამძღოლი ყოველთვის ცდილობდა ხატის წინაშე პარაკლისის გადახდას და უფალს შესთხოვდა ერის სულიერ გაძლიერებას, ფიზიკურ გადარჩენასა და აღორძინებას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი იზიარებს წმინდა სინოდის წევრების, საეკლესიო დასისა და სრულიად საქართველოს ტკივილს მძიმე დანაკარგის გამო.