Art of mamuka

Art of mamuka Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Art of mamuka, Art Gallery, Tbilisi.

12/06/2024
25/04/2024

4
კაკუნმა გამაღვიძა. თვალები ვჭყიტე. რატომ? რა ვიცი. კაკუნს შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ეს ხმა მეუცნაურა. ტემბრი ჰქონდა სხვა. თვალის გახელისთანავე მივხვდი, რომ საკუთარ სახლში ვიმყოფებოდი. ცაც ლურჯია. უჰჰჰ. ამოვისუნთქე. ყველაფერი სიზმარი ყოფილა. წამოვჯექი. თვალები მოვიფშვნიტე. სკამისკენ ხელი გავწიე სიგარეტის ასაღებად, მაგრა იქ სკამი აღარ იყო. ხელზე დავიხედე და გამაჟრჟოლა. საჩვენებელ და შუა თითზე სიყვითლე გამქრალიყო. ჩემი ავეჯი? სხვა ავეჯი იდგა მათ ადგილას. ერთი რამ იდგა უცვლელად. ეს იყო ძალიან ძველი, კაკლის ხისგან გაკეთებული, მოჩუქურთმებული "ბუფეტი". პაპაჩემის მამის ნაქონი და ვგონებ მისივე გაკეთებული ეს ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუში თავისივე ადგილას იდგა. ეს ვისი ფოტოებია? ბუფეტზე ვიღაცის ფოტოები იდო. უჰ. ეს ვიღაც კი არა ვაჟაა.უცბათ ვერ ვიცანი. კაი მობერებული ჩანს. ეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბიჭიც ვაჟას გავს მაგრამ ვაჟა არ არის, თავს დავდებ. დავიბენი. ამ დროს კაკუნმა მომიყვანა აზრზე. ფანჯრისკენ გავიხედე და გამეღიმა. თურმე ფანჯრის მინაზე მტრედი მიკაკუნებდა გარედან.ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს მეთქი გავიფიქრე და გავშეშდი. მიხვდი არა?! თავიდან ყურებს არც მე დაუჯერე. ისევ ჩქმეტა - ბწკენა, დავილურჯე სხეული. დიახ "მორზე" იყო და თანაც ცხადში. ჰო... მტრედი...დიახ...ნისკარტით...ასათიანზე თქვენ თვითონ მიბრძანდით, ბატონო თუ კაია...

25/04/2024

3
კაკუნმა გამაღვიძა. ოხ ეს კაკუნი... დილა მშვიდობისა. ერთი წუთით, კარებზეა ვიღაც... უკაცრავად, მეზობელთან ყოფილან. ჩვენ, მეზობელთან საერთო კარი გვაქვს და როდესაც დენი არ არის, რაღა თქმა უნდა, ზარიც ვერ ირეკება. ბავშვები კი ყოველთვის აკაკუნებენ. ზარის ღილაკს ვერ წვდებიან და იმიტომ. ჰო ბავშვებზე გამახსენდა. პლანეტა "მამა"გამახსენდა, რომელიც დედამიწასთან შედარებით ცხირმოუხოცავი ღლაპია. მაგრამ , რაც გინდა ის უწოდე, ორიათასი სინათლის წლის რადიუსით აკონტროლებს გარემოს. მაყურებელია რა მოკლედ. - უკაცრავად, თქვენი ჯიშის პლანეტა თუ არის სადმე ახლო-მახლოში მეთქი, ვკითხე ერთხელ. - ჩემს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენილია და შემოწმებული ოცდათორმეტ მილიონამდე ობიექტი, მაგრამ ჩვენი მსგავსი არც ერთი არ არისო. მიპასუხა მან. -თქვენისთანა მოაზროვნე არსებები, უმრავლესობაა. აი თქვენი პლანეტა კი განსხვავებულია ყველასგან. ჩემს მიერ შესწავლილ ყველა შემთხვევათა შორის, თქვენი შემთხვევა ერთადედრთია, სადაც მოაზროვნე არსება პარაზიტად კლასიფიცირდება. ეეჰეჰე... თურმე მართლა ვეშაპზე გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია. არა ბატონო!! არც მწვანეთა, არც წითელთა და არც ყვითელთა.არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები არასოდეს.(ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა თქვა არასოდეს) რომ არ გესიამოვნა, გასაგებია. არც მე მეხატება გულზე, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ტილივით შევჩენივარ ამ საცოდავს და სისხლს ვწოვ. ხან ვკბენ და ხან კიდევ რა. და ისიც მებრძვის. ხან ქარიშხალს დამატეხს თავზე, ხან წარღვნას. ხან ცეცხლსა და ლავაში ამომწვავს დედაბუდიანად. ხანაც მეზობელს წამკიდებს, იქნებ ამოხოცონო ერთმანეთი. მაგრამ არაფერი გამოსდის. არა, არა, ეს დაუჯერებელია როგორ შეიძლება ეს ამხელა ქვის გროვა ცოცხალი იყოს?! _თვითონ ქვები რა თქმა უნდა ცოცხალი არ არის - მიპასუხა ერთ-ერთმა პალმამ.- იგი საფარია, ეგრედწოდებული ჯავშნის ნაწილი. ატმოსფეროც და ჰიდროსფეროც ამ ჯავშნის ნაწილია. ეს ჯავშანი მას მეტეორიტებისაგან იცავს. მას ჩემსავით მათი აცდენა არ შეუძლია. _ ვინმემ თუ იცის ეს ყველაფერი, ჩემს გარდა, იქ, დედამიწაზე? - გავაგრძელე საუბარი მასთანვე. არა . კონკრეტული პასუხია. ისე რომც იცოდეს ვინმემ, ვინ დაუჯერებს. წარმოიდგინე ეხლა ,რომ მე განვაცხადო თბილისში პირველ არხზე (თუ შემიშვეს, რა თქმა უნდა), რომ ჩვენ ცოცხალ, მოაზროვნე არსებაზე ვცხოვრობთ და თანაც ვაწუხებთ. ეგრევე ასათიანზე გამამწესებენ. ვინ იცის რამდენი მართალი კაცია იქ. მაგრამ მართალი და ჭკვიანი ხომ ერთიდაიგივე არაა. პარაზიტიო...არა, ეგ რომ დედამიწის მოსახლეობამ იცოდეს, ნეტავ გაბურღავდა კიდევ ჭაბურღილებს ნავთობის მოსაპოვებლად, ანდა შახტებს გათხრიდა, უამრავი მადნის მოსაპოვებლად?! ალბათ გათხრიდა. ალბათ გაბურღავდა. აბა სადილს მზეზე ხომ არ გააცხელებენ ან ურმით ხომ არ ივლიან?! არადა თურმე ვაწუხებთ, და ისიც გვებრძვის.. ჩაუჯდება თავის ბიოლაბორატორიას და იგონებს ჩვენთვის თავსატეხს. შავი ჭირი გნებავთ? აგერ, მიირთვით! კეთრი? - რამდენიც გენებოს! დაამზადებს ახალ პარტიას დაფშუტ...გამოატანს რომელიმე გეიზერს ან მდინარეს და იწყება ფაცი ფუცი. - მილიარდი დოლარი იმას, ვინც შიდსის ვაქცინას მოიგონებს!!! - არ კეთდება ბატონო შიდსის ვაქცინა. გაუმართლა მგონი. მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცას ვიღონებთ. არც მასეა საქმე. მოკლედ მტრები ვარ დაუძინებელი. მოყვრებიც ყავს? აააა?! მოყვრები ესე იგი. აი ეგ მოყვრები უნდა დაასახლო "მამაზე" ერთი- ორი წლით, და ჩემსავით მწვანე სიზმრები რომ დაესიზმრებოდათ, მაშინ გახდებოდნენ ნამდვილი მოყვრები. ( რწყილი რა ფრადაც არ უნდა შეღებო, კბენას არ მოიშლის.) რა მაგის პასუხია და აგერ, აქვე, კენტავრის ალფა სისტემის მეოთხე პლანეტა, მოაზროვნე კალიებით ყოფილა დასახლებული. ლამის შიმშილით ამოწყვეტილან საცოდავები. გამრავლებულან ნამეტნავად და აღარ ეყოთ ეს ბალახი.. ჰოდა რაღა მოაზროვნეები იქნებოდნენ ეს "მარტივი" პრობლემა რომ ვერ გადაეწყვიტათ. შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს თავშეკავების შესახებ. აბა ხომ არ ამოწყდებოდნენ მართლა. ახლა უკვე მადიანად შეექცევიან ბალახს. ჰყოფნით. მოკლედ, ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. აღარც ლაპარაკი მინდოდა, აღარც კაკუნი და მით უმეტეს, ვიღაცის თარჯიმნობა. ჭამა? ჭამა კი. მინდოდა. საიდან მოჰქონდათ ეს საჭმელი, ვერაფრით გავიგე. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, არც ძალიან მიცდია რომ გამეგო. რამდენიმე ჟესტი ვასწავლე მამელებს და ახლა დისტანციაზეც გადავცემდი ინფორმაციას. მაგალითად, ორი ხელი მაღლა ნიშნავდა შიმშილს. ერთი ხელი მაღლა ნიშნავდა იმას, რომ შეკითხვა მაქვს. ორი განზე გაშლილი ხელი, მეძინებას ნიშნავდა. ერთი განზე გაშლილი... გაინტერესებს ახლა ეს შენ? ვინ იცის შენი რამდენი გაქვს საფიქრალი? მე კიდევ რამდენს გიმატებ. ხან ცოცხალი პლანეტაო. ხანაც ყრუმუნჯებიო. ხან რა მოგიგონე და ხან რა, მაგრამ რას გეტყვი იცი?! თუ ძალიან სერიოზული და გადაუდებელი საფიქრალი არა გაქვს რამე, იქნებ ჩემთვისაც მოიცალო. ცოტა. კარგი?! მტრობა და მოყვრობა იქეთ იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ვცხოვრობთ მასზე და ამას წყალი არ გაუვა და ამ თანაცხოვრებას უამრავი პრობლემა აფერხებს. ერთ-ერთი პრობლემა საკმაოდ გავს პლანეტა "მამას" პრობლემას, რომლის გადასაჭრელადაც ამსიშორეზე წამომაპორწიალეს.. ეს არის კონტაქტის უქონლობა. და მეორე. ის არის ერთი და ჩვენ ვართ მრავალი. თუ პლანეტა "მამამ" შეიტყო, რომ ჩვენი პლანეტა, დედამიწა ცოცხალია, ეს მან ან "ვინმესგან" ან უშუალოდ დედამიწისგან შეიტყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი კონტაქტი დედამიწასთნ შესაძლებლად მივიჩნიე. (თუ არა და, არ გავყვები თარჯიმნად იმ რაღაც პლანეტაზე!) დიახ! აი ასე მომინდა დედამიწასთან კონტაქტის დამყარება. როგორ გამომივიდოდა ეგ ამბავი, არ ვიცოდი, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს , რომ არ სცადო. ჰოდა ვცადე. ავწიე მაღლა ერთი ხელი და ერთის ნაცვლად, ოთხი მაგნოლია მოფრატუნდა ჩემთან და ტოტები გამომიშვირა. როგორც ქსილოფონზე დაგიკრავს, ისე ჩამოურაკრაკე ჩემი კითხვა, სახლიდან წამოღებული გაუთლელი ფანქრით. ჩემმა წინადადებამ ძლიერ იმოქმედა მათზე. თითქოს ემოციაც კი შევამჩნიე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ემოცია მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ტრადიციული მყისიერი პასუხის ნაცვლად, საკმაოდ შეყოვნებული პასუხი მივიღე. პასუხი კი დამაფიქრებელი იყო. "კონტაქტი შეუძლებელია". - როგორ კაცო?! ვერ გავიგე? რატომ? რა, მოსწონ ასე ყოფნა? რაში აწყობს? თუ ღირსად არ გვთვლის? იქნებ ისიც ყრუმუნჯია ან კიდევ უარესი? იქნებ პლანეტა "მამას" ეზარება შუამავლობა და რაღაც მიზეზებს იგონებს?! არა. ისევ მას შევეკითხები. დაწვრილებით პასუხს ისევ მისგან თუ მივიღებ, თორემ... ნეტავ ტოტები არ სტკივათ ამდენი კაკუნისგან. მოიცა, მოიცა, რაღაც ვერ გავარჩიე. ცალი ხელი განზე გავწიე, რაც გაიმეორეს ნიშნავდა. გამიმეორეს. "ფსიქო-ფილოსოფიური გავითარების დონის რადიკალური სხვადასხვაობის გამო, უშუალო კონტაქტი შეუძლებელია". თარჯიმანი? თარჯიმანიც არ შეიძლებაო? - არაო! არ შეიძლებაო! - იმიტომ რომ, იმიტომ რომ არ შეიძლებაო და მორჩა, ვა!! ბევრი იკაკუნეს თუ ცოტა, ბოლოს მაინც მიმახვედრეს, რაშიც იყო საქმე. "მამელებმა" ჩამთვალეს ღირსად, უფრო დაწვრილებით აეხსნათ ყველაფერი. ჩემი ფსიქიკა ამ ბოლო დროს ისე დაიძაბა, რომ უკვე ზღვარზე იყო და საკმაოდ ძნელი საწინასწარმეტყველო იყო ჩემი მდგომარეობა. ამიტომ სარისკო იყო ამჟამად ნებისმიერი უცხო კონტაქტი და მით უმეტეს, დედამიწასთან. რატომ მით უმეტეს, ეგეც ამიხსნეს. უკანასკნელად დედამიწიდან საინფორმაციო ნაკადი წამოვიდა დაახლოებით ორასორმოცდაათი მილიონი წლის წინ. კიდევ კარგი ადამიანები მასზე არ ცხოვრობდნენ. მაშინ დინოზავრები ცხოვრობდნენ და ისიც მოგეხსენებათ, რაც მაშინ მათ დაემართათ. (ჭორაობდა ვიღაცასთან) ადამიანები მაშინ, მარსზე ცხოვრობდნენ და ძალიან უჭირდათ. მარსი კვდებოდა. როგორც პლანეტა "მამა" იუწყებოდა, ადამიანით პლანეტის ინფიცირება იუპიტერზე მოხდა. მაშინ ის დედამიწასავით მესამე პლანეტა ყოფილა, ოღონდ ეს ინფორმაცია, პლანეტა მამამ მზისგან გაიგო. მაშინ, არც მერკური, არც ვენერა და არც პლანეტა მამა, გეგმაშიც კი არ ყოფილა. ესეიგი, რა გამოვიდა? მზე ყოფილა მთავარი მშობელი და ეს პლანეტები კი მათი შვილები? გაგიჟება შეიძლება. ესეიგი მარსი და იუპიტერი მკვდარია? ვიკითხე მე სასოწარკვეთილმა. არაო. დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა მორიგმა ბუჩქმა. მარსი კი, მაგრამ იუპიტერი არაო. მკვდარია ნეპტუნი და პლუტონიო. სატურნი და იუპიტერი კი ორივე ჯანზეაო და იუპიტერმა შეიძლება ცალკე ცხოვრებაც კი მოინდომოსო. ყველაზე ძალიან მაინტერესებდა, როგორ მოხვდა ადამიანი იუპიტერზე, მაგრამ, რაც არ ვიცი, არ ვიციო. მიპასუხა პლანეტა "მამამ". ის კი მითხრა, რომ როდესაც იუპიტერმა სწრაფი ზრდა იწყო, მასზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდა ადამიანებისათვის. მარსი იყო ერთადერთი გამოსავალი. მასიურად ეს ვერ მომხდარა. ის ვინც დარჩა იუპიტერზე, განადგურდა და ვინც გადასახლდა მარსზე-გააგრძელა ადამიანთა მოდგმა, მაგრამ მარსს ეს ძვირად დაუჯდა. ძვირად დაუჯდა ადამიანებსაც. მკვდარ, უატმოსფერო პლანეტაზე ერთადერთი გადარჩენა მიწისქვეშა ცხოვრება იყო. შემდეგ იყო დედამიწაზე გამგზავრება და იქ დასახლება. თავიდან, უმნიშვნელო რაოდენობა ადამიანებისა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ როდესაც სწრაფი გამრავლება დაიწყო, მაშინ დაიწყო დედამიწამ უკიდურესი ზომების გატარებაზე ფიქრი. ძილის წინ ბუზები ხომ დაგიხოცავთ და მერე გადაბრუნებულხართ და დაგიძინიათ ტკბილად. დედმიწამაც დაახლოებით ასეთი რამ მოიმოქმედა, მაგრამ ის ბუზი, რომელიც სულ დაფრინავს, ცოტა არ იყოს , ძნელი მოსაკლავია. ორბიტაზე ორი პილოტირებული ხომალდი გადარჩა. მეორედაც სცადა დედამიწამ ჩვენი თავიდან მოშორება. წყლით სავსე ვედრო ვერტიკალურ წრეზე თუ დაგიბრუნებია. (აუუ, გამომივიდა რა ესეც გულოიანი. კაი ჰო, სათლი.) გეცოდინება, რომ წყალი არ იღვრება, მაგრამ თუ დაამუხრუჭე... ჰოდა ასე დაამუხრუჭა დედამიწამაც. იქ ამბავი დატრიალებულა, მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ ადამიანი მაინც გადარჩენილა. წყალქვეშა ნავებში. მოკლედ გადავრჩით. რამდენი ვილაქლაქე არა?! აბა რა მექნა? არ მომეყოლა ეს ეგზომ საინტერესო ამბები ჩვენს შესახებ. ეს ხომ ჩვენი ისტორიაა! არა, რა თქმა უნდა შენ სრული უფლება გაქვს არ გჯეროდეს, მაგრამ, ბოლომდე წაკითხვის სურვილი თუ კიდევ შეგრჩა, ეგ უკვე კარგია. ესეიგი გაინტერესებს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ჰოდა მეც აქ დავიწყებ დასრულებას.

25/04/2024

კაკუნმა გამაღვიძა. თვალ გავახილე და ლურჯი ცის მაგივრად მწვანე ცა ვიხილე. ავდექი. თავი ამოვყავი. უცხო პლანეტაზე ვარ?! ისევ ვიფიქრე სიზმარია მეთქი, მაგრამ კაკუნი განმეორდა და მეც აზრზე მოვედი. გამახსენდა რომ, ეს კაკუნი, ლაპარაკს ნიშნავდა და იქვე გადავთარმნე. " -კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო". დავწყნარდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი უცხო პლანეტაზე ჩემს მოხვედრას და ალბათ არც იყო საჭირო. იმიტომ რომ, ამას ხომ ჩემს მაგივრად ბევრი კალამდალოცვილი მწერალი აკეთებდა. აბა რა საჭირო იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადმოხვალ ხომალდიდან და როგორ დაადგავ ფეხს უცხო პლანეტას, როდესაც შეგიძლია აიღო რობერტ შეკლის, აიზეკ აზიმოვის, კლიფორდ საიმაკის ან თუნდაც ჰარი ჰარისონის მოთხრობათა კრებული. გადაშალო და ააეეეეე...სად მოხვდები კაცმა არ იცის. არავინ უწყის, რა გელოდება ფურცელს უკან ამოფარებული და გატრუნული. რეი ბრედბერის მოთხრობები წაგიკითხავს? კიი? ჰოო! კაია! დროდადრო ვეკითხებოდი ჩემს თავს . რა მოგწონს ამ არარეალურ ისტორიებში მეთქი და ერთხელაც პასუხს მივაგენი.
კი ბატონო! ვისაც არ აინტერესებს ჩემი აზრი ფანტასტიკური ლიტერატურის შესახებ, შეუძლია ეს აბზაცი გამოტოვოს! ბიჯოს!?
დიახ, მივაგენი. მივხვდი რომ, მათი აზრი თავისუფალია. ყოველგვარი ჩარჩოებისა და კანონების გარეშე. მოკლედ, საითაც გინდა და როგორც გინდა, ისე... ჰოდა, ზუსტად ეს თავისუფლებაა მომხიბლველი მოულონელობებით აღსავსე. ასეთი მოულოდნელობებით იყო აღსავსე ეს ჩემი მოგზაურობაც. უამრავი რამ მაკვირვებდა და ხანდისხან მაშინებდა კიდეც, მაგრამ გაცილებით უფრო რთული სიტუაცია იქნებოდა, ეს ყველაფერი წაკითხული რომ არ მქონოდა. როდესაც ამ მოსიარულე და მოაზროვნე მცენარეებს გადავეყარე ( თუ ისინი გადამეყარნენ) მაშინვე "ჯეფ ფეინის" "თრიფიდები" გამახსენდა. ის ფესვებ ფეხადგმული, ყვავილნესტრიანი მონსტრები. მაგრამ ამას შიში არ გამოუწვევია. "თრიფიდებს" ხომ "მორზეს" ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდათ. შემდეგ საიმაკის მოაზროვნე იასამნისფერი მცენარეები გამახსენდა და სულ ბოლოს "სოლარისი". სტანისლავ ლემის ეს შეუდარებელი შედევრი.(სოლარისი რატომ? ამას ცოტა ხანში მიხვდები.) მსგავსება ბევრი იყო, მაგრამ ახალიც უამრავი. მოკლედ მე მათ ყოველთვის წინასწარმეტყველებს ვუწოდებდი, უელსიდან და ვერნიდან მოყოლებული, ყველას. ახლა ისევ პლანეტას მივუბრუნდეთ.
"მადლობა ღმერთს " რა თქმაა? ასეთი სულსწრაფობა, რა უბედურებაა? ერთ ამოსუნთქვაში ხომ არ მოვყვები ყველაფერს? ან ცუდი რა ვთქვი? კარგები არიან მეთქი, მიყვარს მეთქი. შენ რა, არ გიყვარს? თუ არ გიყვარს, ამ მოთხრობას რაღატომ კითხულობ? ჰა? მადლობა ღმერთსო!?!
მადლობა ღმერთს რომ პეტერბურგში ვარ რამდენიმეჯერ ნამყოფი თეთრი ღამეების დროს. ტალინში ნამყოფი ხარ? რა ლამაზია არა?! ჰო მოკლედ ამ პლანეტაზე არ ღამდებოდა. მზე არსად ჩანდა, მაგრამ დღე იყო. ნათელი, მწვანე ნათელი დღე. დავინტერესდი და ვიკითხე.
- მზე თუ არ არის, აბა რა ანათებს მეთქი? მათ მიპასუხეს რომ, ნათება "მზისგან" არის გამოწვეული, მაგრამ ატმოსფერო ფანტავს, ფილტრავს და აგროვებს ნათებას. ამიტომ არ ბნელდება. მაგრამ ძილი ხომ მაინც მინდოდა. მერე რა რომ ექვსი წელი გაუღვიძებლად მეძინა. გზაში ძილი სულ სხვა ძილია. მატარებლით ხომ გიმგზავრიათ. საღამოს ერთ ქალაქში დაიძინებ და მეორე დილას ცხრა მთის იქით ხარ. მიხვალ სახლში და თითქოს არც გიძინია, საწოლამდე ძლივს ასწრებ. ჯერ თავი ბალიშზე არ დაგიდია და უკვე გძინავს. საერთოდ მგზავრობა ძალიან დამღლელია. თავიდან სუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ მალე შევეჩვიე. ეს ჭარბი ჟანგბადით იყო თურმე გამოწვეული. სიგარეტს თავი დავანებე (დავანებე რა, დამანებებინეს ) ვარჯიშიც კი დავიწყე. ჩემს მეგობრებს რომ ვენახე, იფიქრებდნენ რომ გავგიჟდი. ხუმრობა საქმეა ოცდახუთი წლის მწეველის სტაჟი? რაც შეეხება საკვებს. დედამიწაზევე მოვითხოვე მარაგის წაღება, მაგრამ უარი მივიღე, გასაგები მიზეზების გამო. ცნობისმოყვარეობა მჭამდა. - ნეტავ რას მაჭმევენ? საერთოდ ძალიან ზიზღიანი ვარ. ვიფიქრე, უცხო საკვებს ვერ შევეგუები მეთქი, მაგრამ საკვები უნიკალური აღმოჩნდა. რაღაც სოკოსმაგვარი მოყვითალო პროდუქტი იყო. სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა გემოს ღებულობდა. ჰოდა მეც მოვილხინე. ხან ღორის მწვადი იყო ხან თართის, ხან კეჟერა ფხალი და ხან მწყრის ჩახოხბილი. ვხუმრობ რა თქმა უნდა, ვხუმრობ. არ არის საჭირო თქვენი გამოსვლა სიტყვით. რა თქმა უნდა თლა მასე არ ყოფილა, მაგრამ გემოებს მართლა იცვლიდა. ტემპერატურას კი პლანეტა "მამა" ცვლიდა და მეც არ მბეზრდებოდა. გადავიწერდი ხოლმე პირჯვარს და შევუდგებოდი ტრაპეზს. მოკლედ საკვების შესახებ მოვრჩი. ა!? შეხედე?! ისევ მადლობა ღმერთსო. რა ხშირ-ხშირად უხდი ღმერთს მადლობას.მადლობა ღმერთსო რომ გაიძახი, ერთხელ მაინც გეკითხა, ამ "მამელებს"ჰყავთ თუ არა ღმერთი. ან როგორია მათ წარმოდგენაში მათი ღმერთი. იქნებ დიდი, ტოტებგაფარჩხული მუხა ან ბაობაბი გგონია? არა ბატონო, არა! თურმე სულ სხვანაირად ყოფილა საქმე. თურმე, ყოველი ბინადარი თავის ხომალდებით, პლანეტით, მოკლედ მამაბუდიანად ერთად ყოფილა ღმერთი. აბა?! ეს რომ დავადგინე, მივხვდი რომ, როდესაც ერთი ყლორტებკაკუნა მელაპარაკება, თურმე მთელი პლანეტა მელაპარაკება. ამიტომაც არ უკვირდათ ჩემი დანახვა არც ერთს.. თუმცა რომც გაკვირვებოდათ, ემოციას ვერ შეამჩნევდი. არ გამოხატავდნენ და იმიტომ. როგორც იყო აკლიმატიზაციის პერიოდი გავიარე და მივხვდი, რომ ჩემი ამ პლანეტაზე ცხოვრება სავსებით შესაძლებელი იყო. ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემები გადაწყვეტილი მქონდა. ერთადერთი პრობლემა, დროის შეგრძნების დაკარგვა იყო. ეს პრობლემა მხოლოდ მე მაწუხებდა, თორემ ეს მწვანე ბედოვლათები ხომ მუდმივები იყვნენ და დრო რაში დააინტერესებდათ?! ჩემი საათი დიდი ხანია გაჩერდა. უფრო სწორად, გზაშივე გაჩერდა. პირველ ხანებში პლანეტის თვალიერებით ვერთობოდი. ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი. ამ პლანეტაზე ჩამოსვლის მერე უამრავი სხვა კითხვები დამებადა, რაზეც შეძლებისდაგვარად მპასუხობდნენ. ბოლოს დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. "მამელებმა სცადეს ჩემი გართობა, მაგრამ ამან დიდხანს ვერ გასტანა. ერთი კი გავიფიქრე, - დედამიწაზე რომ ჩამატანინა ეს მწვანე ქორეოგრაფია, როგორი ანშლაგებით ჩაივლიდა გასტროლები. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენაზე ფიქრმა გამიტაცა. წარმოდგენის ბოლოს მივხვდი, რომ ვფიქრობდი ყველაფერზე და არაფერზე ერთად. რაღაც მაკლდა. არა, მე რაც მაკლდა გასაგებია (შანსს არ უშვებ არა?). მე კი არა, ამ წარმოდგენას აკლდა რაღაც... რაღაც კი არა, მუსიკა აკლდა, მუსიკა...ჩემი აქ ყოფნის მანძილზე ერთ ნოტსაც კი არ გაუჟღერია. არც ნახატი მინახავს ვინმესი. ამ მწვანე კლოუნებს ხომ ინდივიდუალური არაფერი გააჩნდათ. მხოლოდ ტოტების გრეხვა - ტრიალი და კაკუნი. ოხ ეს კაკუნი, ეს გაუთავებელი კაკუნი... ერთხელ უკიდურესად მომბეზრდა მუნჯობა და დავიყვირე. უფრო სწორად დავიღრიალე.
- ხმა ამოიღეთ თქვე მამადალოცვილებო მეთქი. ამხელა მანძილების დაფარვა შეგიძლიათ, უკვდავებიც თქვენა ყოფილხართ, ერთი ხმა როგორ ვერ ამოგიღიათ? იქნებ მე გინდათ რომ გასწავლოთ. მითხარით როგორ გასწავლოთ და გასწავლოთ მეთქი! ამ მონოლოგს ფუჭად არ ჩაუვლია. იგი დიალოგში გადაიზარდა. მომიჩოჩდა ერთი მწვანე მასხარა და არაკუნდა. უფრო სწორად, დაჟინებით არაკუნდა.დიახ დაჟინებით. იგი სასწრაფო თარგმანს მთხოვდა. მეც არ დავაყოვნე. თარგმანი მიიღეს. რა თქმა უნდა შერბილებული ვარიანტი. პასუხი გასაოცარი იყო. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმისთვის მოვუწვევივარ ამ სამუნჯეთს აქ, რომ ლაპარაკი, ანუ ბგერის (არა კაკუნის) გამოცემა და აღქმა მესწავლებინა. ისინი ყველა სიკეთესთან ერთად ყრუებიც იყვნენ. ერთხელ დავაკვირდი და დავინახე რომ საგანს რომელზეც მე ვაკაკუნებდი, ერთ-ერთი აუცილებლად ეხებოდა.. რაც შეეხება ჩემს პერსონას, იგი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თვალთვალი კი მათ არ უჭირდათ. თხუთმეტი თვალი მთელს სხეულს ქამარივით ერტყა გარს. ისინი ფაქტიურად ყველა მხარეს ხედავდნენ. ჩემი ყვირილიც თვალით შეამჩნიეს. ამ პრობლემამ გამაოგნა. კარგა ხანს "ხმა" არ ამომიღია. ვფიქრობდი...
-გამკვეთავენ. გამიელვა თავში. - შემისწავლიან. ბგერის გამოცემის და აღქმის მექანიზმს შეისწავლიან. გამკვეთავენ, ნამდვილად გამკვეთავენ... კი, მაგრამ რითი? რათი?... ცივილიზაციის ნიშანწყალი არსად ჩანს. პირველყოფილი ჩაქუჩიც კი არსად დამილანდავს. სკალპელზე ხომ, ლაპარაკი ზედმეტია. თან გასაკვეთს აქამდე გაკვეთდნენ. ვფიქრობდი... პირი მაგათ არა აქვთ და ყური. აბა როგორ უნდა ამეხსნა ასეთი რთული რამ. გადავწყვიტე ისევ მათ დავლაპარაკებოდი, იმიტომ რომ, საღი გონებით რომ დაფიქრდეს კაცი, ადამიანს, რომელიც ოთხი სინათლის წლით დაშორებია თავის სახლს და აბსოლუტურად უცხო გარემოში იმყოფება, მხოლოდ და მხოლოდ ამ უცხო გარემოსთან ადაპტაცია თუ გადაარჩენს. წინააღმდეგობა არა. გადარჩენის ინსტიქტს ხანდისხან დაღუპვამდე მივყავართ. ობობას ქსელში გაბმულ პეპელას ხომ გახსოვთ რაც ემართება, როცა ბევრს ფართხალებს? საუბარი შედგა. ბევრი რამ ჩემთვის ახალი იყო. მითხრეს, რომ "მამა" და "მამელები" ერთ , ანუ საერთო ფსიქოკომუნიკაციურ სისტემაში იყვნენ მოქცეულნი. ინფორმაცია უამრავი. მთელი დედამიწის კომპიუტერული სისტემა რომ გააერთიანო ვერ აუვა. საიდან? საიდან და დესპანები, რომლებსაც "მამა" აგზავნიდა გალაქტიკებში, თითქმის სრულ ინფორმაციას აბრუნებდნენ. ასე იყო დედამიწაზეც. მათ ელექტრომაგნიტური ტალღების აღქმა შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს ფსიქოკომუნიკაციური სისტემა ფაქტიურად ელექტრომაგნიტური დაძაბულობაა. მათი მონაყოლიდან გავიგე, რომ დედამიწას საკმაოდ დიდი ხანია აკვირდებიან. ისინი თურმე არასდროს არავისთან არ შედიან კონტაქტში. ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული იყო. მიზეზი კი ამ კონტაქტისა გაცილებით უფრო ადრე წარმოიშვა. პლანეტა მამადან დაახლოებით ოცდაექვსი სინათლის წლის მოშორებით არის სისტემა, რაღაც სახელი მითხრეს, - თქვენ ასე ეძახითო - მაგრამ ვერ გავარკვიე და არც ჩავძიებივარ. რომელი ასტრონომი მე ვარ. ჰოდა ამ სისტემაში არის პლანეტა, რომელზეც ცოცხალი მოაზროვნე არსებები ბინადრობენ. "მამელებმაც" მოინდომეს მათ შესახებ ტრადიციულად ყველაფრის გაგება, მაგრამ ერთ ძალიან რთულ პრობლემას წააწყდნენ. ამ პლანეტის ეს მოაზროვნე არსებები ფიქრის და ლაპარაკის დროს ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ გამოსცემდნენ საერთოდ. არც დანადგარები აქვთ რომელიც კომუნიკაციის მიზნით გამოიყენება ჩვენთან და თურმე უმრავლეს ცივილიზაციებში. ისინი მხოლოდ ლაპარაკით ურთიერთობენ. "მამელებს" კი მოგეხსენებათ, არც ესმით და არც ლაპარაკი შეუძლიათ. ბევრი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტეს რომ დედამიწელი, მასწავლებლად თუ არა თარჯიმნად მაინც გამოადგებოდათ. ამ ტოტებიანმა გენიოსებმა დედამიწაზე თურმე ბევრი რამ შეცვალეს. დიდი ძალისხმევით მათ შეძლეს ზოგიერთი მოაზროვნის ტვინის ელექტრომაგნიტური იმპულსების სიხშირეზე მორგება და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის გადაქაჩვა. მაგალითად, ელექტრომაგნიტური ტალღების ხელოვნურად მიღების იდეა, მორზეს ანბანი და ბევრი სხვა. მათ ეს სჭირდებოდათ. შემდეგ კანდიდატის ძებნა. ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. ჩემამდე ყოფილა რამოდენიმე კონტაქტი, მაგრამ დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ერთი მე ვიყავი ასეთი გიჟი და გადარეული, რომელიც დაითანხმეს მამელებმა ამ ავანტიურაზე. და მეც აგერ ვარ ახლა და არც კი ვიცი, რა ვქნა. წავყვე " მამელებს " იმ რაღაც პლანეტაზე და მათ ვასწავლო "მორზე" თუ უკან დაბრუნება მოვითხოვო. წაყოლა ნიშნავდა ოცდათექვსმეტი წლის ძილს იქეთობას და ამდენივეს აქეთ. სულ სამოცდათორმეტს. ამას მივუმატოთ დედამიწამდე ექვსი და უკვე გავლილი ექვსი წელი. გამოდის რომ დედამიწაზე რომ დავბრუნდებოდი, გასული იქნებოდა ოთხმოცდაოთხი წელი. რავარია? ა? მოკლედ ძალიან დიდ საგონებელში ჩავვარდი. ის სიტყვებიც გამახსენდა. - როცა მოისურვებ მაშინვე დაგაბრუნებთო, მაგრამ შემდეგ ისიც გამახსენდა, რომ არც ერთ ხელშეკრულებაზე მათ ხელი არ მოუწერიათ და რომც მოეწერათ, დარღვევის შემთხვევაში სარჩელს ვერსად ვერ შევიტანდი. ჯერ ვიფიქრე, მაინც შევახსენებ მეთქი, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. ვაი და უარი მითხრეს დაბრუნებაზე. მერე? მერე სადღა მიდიხარ? იმედს ვიხანგრძლივებდი. ხომ იცით, იმედით ცოცხლობს ადამიანი. ცოცხლობს, ცოცხლობს , ჰოო. ვფიქრობდი... უცებ რატომღაც ამ ცოცხალი პლანეტის ასაკმა დამაინტერესა. მამელების ყურადღების მიპყრობა არ გამძნელებია. უმალ ერთი "ჭადარი" მოფორთხდა ჩემთან და "სმენად" გადაიქცა.
- კაკ კუკ კაკ კუკ - ანუ რამდენი წლისა ბრძანდება მეთქი თქვენი პლანეტა მეთქი, ესე იგი თქვენ მეთქი?
-თქვენი კალენდრის მიხედვით, დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ცოტა მეტისო. ასე მიპასუხა.ჰმ. ჩვილი. ჯერ პირზე რძეც არ შეშრობია. ლაპარაკიც კი არ იცის.
აუუუ... შუქი წავიდა. ნავთიც აღარ მაქვს ლამპაში. ამ ლაწირაკზე მოყოლას ხვალ გავაგრძელებ. ახლა კი წავედი. მეძინებ

22/04/2024

დღეს დედამიწის დღე ყოფილა და ეს მოთხრობა, თავის დროზე დედამიწას მივუძღვენი. ჟანრი - ეკოფანტასტიკური გროტესკია.

დიდხანს ვიფიქრე, როგორ დამეწყო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე... მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხონ მაინც უნდა დამეწყო? ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ისე დამეწყო, როგორც...
იყო და არა იყო რა... მოკლედ, რაც იყო, იყო... როგორც იყო, ისე მოგიყვებით.
1
ერთხელ კაკუნმა გამაღვიძა. თვალები არ გავახილე. ვიცდიდი. კაკუნის გამეორებას ვუცდიდი. არ გამაწბილეს, მალევე კაკუნი განმეორდა. ფანჯრის მინაზე აკაკუნებდა ვიღაც. ვაჟა იქნება, ჩემი ბიძაშვილი. გუშინ ერთად ვიყავით მეზობლის ქორწილში. ალბათ ლუდზე მეპატიჯება ჩემს ხარჯზე. წამოდგომა დავაპირე. ამ დროს ისევ დააკაკუნეს. არა, არა ეს ვაჟა არ იქნება, გავიფიქრე მე. ნელ ნელა სურათი გამოიკვეთა. ვიღაც "მორზეს" ანბანით მიკაკუნებდა ტექსტს. ამიტომ ვაჟა გამოირიცხა(რა იცის ვაჟამ მორზე?! მე საიდან ვიცი? რა შენი საქმეა?! აუ, ნერვებს ნუ ამიშლით რა! ძლივს დამიწყია... სად ვიყვავი? კაკუნი. ჰო)"მორზე" იყო, ნამდვილი "მორზე". ისე კი გამიხარდა. როდის ვისწავლე და ახლაც მახსოვს. მესამე კლასში სამნი დავდიოდით ნორჩ რადიომოყვარულთა წრეზე. იქ ვისწავლეთ სამივემ და გაკვეთილებზე საიდუმლო გზავნილებს ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს... მაგრამ ამ ბიჭების ასავალ დასავალი მეექვსე კლასის მერე დავკარგე. სხვა სკოლაში გადამიყვანეს. რომელიმემ მომაგნო ვითომ?! სტუმარი ვარ, სტუმარი ვარ. დრო გამოშვებით მიკაკუნებდა ვიღაც. წამოვდექი. ფანჯარასთან მივედი და იქვე გავშეშდი. ალბათ ჯობდა ფანჯარაში არ გამეხედა, მაგრამ რადგან გავიხედე, მოგიყვებით რაც დავინახე. მწვანე ტოტებიანი და ბევრთვალებიანი რაღაც სასწაული მომჩერებოდა ფანჯრის მინის იქედან. (აბა უყურე?! შემეშინდებოდა, აბა არ შემეშინდებოდა? შენ რა, არ შეგეშინდებოდა? ჰოდა მაცადე და მომისმინე.) შიშიც იყო და შიშიც. სად წახვალ. ვიფიქრე, თუ სიზმარია, გავიღვიძებ და მორჩა, გაქრება ყველაფერი, მაგრამ არ გამოდგა მასე. როცა მივხვდი რომ ცხადია, კიდევ უფრო შემეშინდა. გავეკარი კედელს და ავქოშინდი. ამ დროს კაკუნი ისევ განმეორდა, იგივე ტექსტით. სტუმარი... აი, სტუმარიც ასეთი უნდა! ჯერ არც კი გათენებულა. ყველას სძინავს. არ მგონია, რომ ვინმეს დილის ოთხ საათზე მოსდომებოდა ამგვარი მაიმუნობა და თან ასეთი კოსტუმის შეკერვა არც ისე იაფი დაჯდებოდა. მოკლედ გავბედე და პასუხის გაცემა გადავწყვიტე. ხელი ფანჯრის რაფისკენ გავაპარე. არაფერი შეცვლილა. საჩვენებელი თითი მინასთან მივიტანე და მივაკაკუნე - "ვინ ბრძანდებით თქვა"? მან ისევ გამიმეორა - "სტუმარი ვარ" - და დაამატა - "შორიდანო". შიში ცოტა გამინელდა. მის ადგილს ნელ ნელა ცნობისმოყვარეობა იკავებდა.ფრაზა - სტუმარი ღვთისაა ჩემს უნებურად წამცდა და სტუმარი კარებისკენ მივიპატიჟე. ჩემს მდგომარეობასთან ერთგვარად შეგუებულმა, კარი ფრთხილად გამოვაღე და დაველოდე. შემოვიდა. ჟრუანტელმა დამიარა და ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ მეორის შემოსვლას ნამდვილად არ ველოდი. რომ შემოვიდა შევხტი ელდა ნაცემივით და მესამეზე უკვე რეაქცია აღარ მქონდა. ეს სტუმარი კი არა მთელი დელეგაციაა. თან აბსოლუტურად ერთნაირები არიან.(არადა გუშინ სულ ორი სადღეგრძელო დავლიე. თამადის და ნეფე-დედოფლის. ვაჟა ჩასკდა. ჭიქა არ გამოუტოვებია.)არა, არა, ეს სიზმარი არ იყო. გადამოწმების მიზნით კიდევ ერთხელ ვიჩმიტ - ვიბწკინე ბარძაყზე და საბოლოოდ რომ დავრწმუნდი შექმნილი მდგომარეობის სიცხადეში, ისღა მოვიფიქრე რომ მივსალმებოდი. ქვედა ყბის კანკალით ძლივს გამოვთქვი, "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" და ერთერთს დავაკვირდი. ჩემზე ოდნავ მაღალი. ზემოთ მწვანე ტოტები, ქვემოთაც, ოღონდ ქვემოთ უფრო მსხვილი და უფრო მუქი მწვანე. შუა წელში კი დაახლოებით ორმოცი სანტიმეტრის დიამეტრის და ოდნავ მეტი სიგრძის ტანი. ამ ეგრედწოდებული ტანის ირგვლივ, ერთ რიგად ჩამწკრივებული მუქი იასამნისფერი თვალები ელავდნენ. ოთახში ახლად მოცელილი ბალახის და სოკოს მაგვარი და კიდევ რაღაც უცნაური სუნი დადგა. ცუდი არა. საკმაოდ სასიამოვნო, ჯანმრთელი სუნი. ტოტებმა რბილი ყლორტების შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ როდესაც ერთერთმა "წიფელმა" ტოტი ტოტს შემოჰკრა, მივხვდი რომ საკმაოდ მაგარი ტოტები ჰქონდათ. იგი მესალმებოდა და იგივე ხერხით დალაპარაკებას მთხოვდა. რამოდენიმე წამმა გაშეშ- გაოგნებაში გაიარა. შემდეგ გაუთლელი ფანქარი ამოვქექე ბუფეტის უჯრაში და საწოლის კიდეზე დავიწყე კაკუნი.(რაო? ქართულად ბუფეტი როგორ არისო? აბა მე რა ვიცი როგორ არის. კარგად არის! მადლობთ. და საერთოდ ... რა დროს ბუფეტია. პირველი ხარისხის კონტაქტზე გელაპარაკები და შენ კიდევ ბუფეტიო... კარგი რაა...) დიახ ეს კონტაქტი იყო. ჩემმა მეორე კითხვამ ასე გაიჟღერა (პირველი თითით ფანჯარაზე იყო)
ტუკ ტუკ ტუკ ტუკტუკ ...
მოდი სინქრონულად გადაგითარგმნით, კარგი?
-საიდან ხართ?
-აქედან ოთხი სინათლის წელიწადია. თქვენ მას კენტავრის თანავარსკვლავედის ალფა ვარსვლავს უწოდებთ.
-რამხელაა თქვენი პლანეტა?
-ამჟამად თოთხმეტი პროცენტით ნაკლებია თქვენსაზე , მაგრამ გაცილებით სწრაფად ზრდადი, ვიდრე თქვენი. -საშუალოდ რამდენს ცოცხლობთ?
-ჩვენ სულ ვცოცხლობთ... ცოტა შემშურდა. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. კითხვებს უმეტესად მე ვსვამდი. ყველა კითხვაზე არ მპასუხობდნენ ან თუ მპასუხობდნენ, ზოგი რამ ჩემთვის გაუგებარი იყო და დღემდე გაუგებარი დარჩა. -თქვენს პლანეტას რა ჰქვია?
-თქვენს ენაზე დაახლოებით "მამის" შესატყვისი. დაახლოებით მამა რაღაა?! მოკლედ კითხვები გამომელია და დავდუმდი. დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩემი ჯანმრთელობა მოიკითხეს. შემდეგ რამდენიმე უცნაური შეკითხვა მომცეს. მაგალითად, ვგრძნობ თუ არა ფეხის ფრჩხილებს. ან კარტოფილი შემწვარი უფრო მიყვარს თუ მოხარშული და ბოლოს მკითხეს ფრიად მოულოდნელი რამ. - ვისურვებდი თუ არა მათთან ერთად გამგზავრებას პლანეტა "მამაზე". ოჯახი არ მქონდა.არც მეგობრები მყავდა იმდენი და ისეთი, რომ მათთან განშორება გამძნელებოდა, მაგრამ პასუხი მაინც დავაყოვნე. უკან დაბრუნებაზე ვკითხე. პასუხიც მაშინვე აკაკუნდა.
- როცა მოისურვებთ, მაშინვე დაბრუნდებით! მომეწონა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი ამას ყველაფერს. აბა თქვენც დაფიქრდით, რაში უნდა დასჭირვებოდათ ამ მწვანე მონსტრებს , ჩემი ამსიშორე ვიზიტი?! კაი... ნუ დაფიქრდები. არა, არა, შიშზე უარი ვთქვი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა რომ დამმართვოდა, სიკვდილი იყო. სიკვდილზე ბევრი მიფიქრია. თქვენც ხომ გიფიქრიათ? არა? გიფიქრიათ, გიფიქრიათ. ჰოდა მეც ასეთი რამ მოვიფიქრე. სანამ ამ ქვეყანას მოვევლინებოდი მე არ ვიყავი, არ ვარსებობდი (მე ასე მახსოვს) და ამით არაფერი ფუჭდებოდა. მაშასადამე(რა დიდებული სიტყვაა) არც მერე გაფუჭდება მეთქი. ადამიანი რომ იბადება, თავიდანვე იწყებს სამყაროს შეცნობა - შესწავლას. ზოგიერთი ამას მთელი ცხოვრება აკეთებს. ჩვენ მათ მეცნიერებს ვუწოდებთ. ისინი თავის ნაშრომებს უტოვებენ მომავალ თაობას, შემდგომი შესწავლის გასაადვილებლად. მათ მიერ გაკვალულ გზას მიუყვება კაცობრიობა. ხელოვნება? კვალს ისინიც ტოვებენ. ხალხი, ვინც ქმნის ამ ხელოვნებას. (თქვენს შენიშვნას აბსოლუტურად ვეთანხმები. ასო "ც" სიტყვა "ისინი"ს შემდეგ, ნამდვილად ზედმეტია.) კვალს და მერე რა კვალს?! ჰეეეეეე.... ბახის "ბადინერი" თუ გაქვს მოსმენილი? ჰოო? კარგი, კარგი, მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ჰოდა, ადამიანი, რომელიც არც მეცნიერია, არც შემოქმედი და არც არაფერი უნახავს განსაკუთრებული ქვეყანაზე და არც არაფრის დატოვება შეუძლია, არ უნდა უშვებდეს ხელიდან ასეთ შანსს თქვა. აი! ასეთ დასკვნამდე მივედი ჩემო ბატონოო. მოკლედ დავთანხმდი და წავედიიით... გაგარინივით არ გამომივიდა?! არ მეკუთვნის თუ რა? მე ხომ პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მზის სისტემას გასცდებოდა. (შენი ჭირიმე, პირველი, მეორე, რა მნიშვნელობა აქვს, მოდი გავაგრძელებ , რაა?!) ვიქტორია რეგიას ფოთოლი თუ გინახავთ, "მამელების" ხომალდი ძალიან ჰგავდა ამ ფოთოლს. ხომალდის ზედაპირზე ასვლა არ გამჭირვებია. ბავშვობაში ხეზე კარგად ვცოცავდი. ახლაც გამომადგა. ჩემმა სტუმრებმა ეგრედწოდებული ტრაპი გამიკეთეს. ერთმანეთზე დადგნენ და ტრაპიც მზად იყო. ტოტიდან ტოტზე, ტოტიდან ტოტზე და ზედა ვარ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ცოცხალზე დავდიოდი. თურმე ასეც იყო. ხომალდი ცოცხალი იყო, ორგანული. ავედი თუ არა, დანარჩენებიც ამომყვნენ. ფოთოლ - ხომალდის დიამეტრი დაახლოებით თოთხმეთი - თხუთმეტი მეტრი იქნებოდა. თხუთმეტ მეტრიანი ცოცხალი ხომალდი! სასწაული თუ გინდა! უცებ, თავში ერთმა აზრმა გამიელვა. მანძილი. პლანეტამდე ხომ ოთხი სინათლის წელია. ანუ ხომალდმა სინათლის სისწრაფით რომ იმოძრაოს, ოთხი წელი მოუნდება მანძილის დაფარვას. თუ ნაკლებით - უფრო მეტი. რა უნდა ვაკეთო ამდენი ხანი ამ ხომალდზე?! ზემოდან ვდგავარ და არც კი ვიცი შიგ როგორ შევიდე., ან რა კომფორტია შიგნით, ან რით გავირთო თავი ამ წლების მანძილზე. დიახ, ასეთ რამე-რუმეებზე ვფიქრობდი რომ, უეცრად ჩემს წინ ნაპრალი გაჩნდა. ამ ნაპრალმა ნელ-ნელა ზრდა იწყო და სიგრძე-სიგანით ჩემსას მიაღწია. შემდეგ ჩაღრმავდა დაახლოებით ორ მეტრამდე და გაჩერდა. აი აქ კი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. როგორია, ა? პირდაფჩენილი გველეშაპი მელოდება, როდის ჩაუვარდები ჩემი ნებით ხახაში. ცოტათი დავწყნარდი, როცა ამ ადამიანის ფორმის ორმოს გვერდით ჩემთვის უკვე ნაცნობი ფორმის სამი ღრმული გაჩნდა. ჩემთან ახლოს მდგომმა ბუჩქმა სასწრაფოდ ჩამომირაკრაკა, თუ რას ნიშნავდა ეს და როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩვენთან დედამიწაზე ტვინები გაიჭყლიტეს მეცნიერებმა ანაბიოზის საიდუმლოს ძებნაში. აქ კი აგერ აქვე, ცხვირწინ, ცოცხალი ანაბიოზის აპარატი მელოდებოდა მე, დედამიწის ბინადარს. ჭარბი ადრენალინისაგან სული მეხუთებოდა. ფეხები მოკანკალებდა, მაგრამ ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც თავიდანვე გადავწყვიტე, ახლაც გადავდგი, უფრო სწორად ჩავდგი. ინტრუქციის თანახმად, გავიხადე ტანსაცმელი და დავწექი. თანსაცმლის ადგილი იქვე შეიზნიქა. თავი დავდე და დაველოდე. თავში უამრავი და უცნაური აზრები მიტრიალებდა. კიდევ ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს სამარე პირს რომ შეკრავდა, მე რა დამემართებოდა. ამ ფიქრებში გართულმა რაღაც უცნაური სუნი ვიგრძენი. ეგ იყო და ეგ.


გაგრძელება იქნება.

Address

Tbilisi

Telephone

593310210

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Art of mamuka posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category