საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება      Geographical Society of Georgia არასამთავრობო ორგანიზაცია. დაარსებულია 1924 წელს. აერთიანებს 1500-მდე ნამდვილ და ასოცირებულ წევრს

მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეები ეწვივნ...
04/05/2026

მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის მიდამოებში, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიას. მოსწავლეებს უმასპინძლა და მეგზურობა გაუწია გეოგრაფიის დოქტოორმა მერაბ ალავერდაშვილმა, რომელიც 1979 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ ლაბორატორიას. იგი ბავშვებს ესაუბრა 1962 წელს დაარსებული ჰიდრომეტეოროლოგური ლაბორატორიის საინტერესო ისტორიაზე და 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ კატასტროფულ წყალმოვარდნაზე, რომელმაც მთლიანად გაანადგურა თსუ-ის ეს მნიშვნელოვანი სასწავლო-სამეცნიერო ბაზა (ორი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკა, ხელსაწყო-იარაღების შესანახი შენობა, ორი მეტეოროლოგიური მოედანი, წყალსაზომი საგუშაგო). ბატონმა მერაბმა აღნიშნა, რომ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თსუ-ის ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭირით მოხდა სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ლაბორატორიის თანამშრომელთა მონდომებისა და ენთუზიაზმის წყალობით, დღეისათვის აქ ხორციელდება უწყვეტი ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორიგი, ნაწილობრივ სრულდება მეტეოროლოგიური, სრული დატვირთვით კი მდინარე ვერეზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებები. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გულისტკივილით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული შენობის არქონის გამო სასწავლო-სალექციო პროცესის აღდგენა ვერ ხერხდება, რაც უარყოფითად აისახება მომავალი სპეციალიტების განათლების ხარისხზე. ბატონმა მერაბმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აუხსნა ლაბორატორიის ტერიტორიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ უკანასკნელ ხანებში დამონტაჟებული თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის ხელსაწყოების, მდინარის წყლის ზემოქმედებისაგან დამაწყნარებელი არხისა და ჰიდრომეტრიული ლარტყის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დამაწყნარებელ არხის მონაკვეთზე დამონტაჟებული მდინარის წყლის დონეების ცვალებადობისა და ატმოსფერული ნალექების ავტომატური სადგურის მუშაობის პრინციპები.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მერაბ ალავერდაშვილს მასპინძლობის, ლაბორატორიის შესახებ საინტერესო და ისეთი სახის ამომწურავი, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებისათვის, რომელიც მათ უდავოდ წაადგება სასწავლო პროცესში.

მიმდინარე წლის 28 მარტს ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის ფარგლებში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა შეხვედრა ...
30/03/2026

მიმდინარე წლის 28 მარტს ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის ფარგლებში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ახალგაზრდა მეცნიერთან და GIS სპეციალისტთან გიორგი კაპანაძესთან. იგი საკვირაო სკოლის მსმენელთა წინაშე წარსდგა პრეზენტაციით - "გეოინფორმაციული სისტემები და სასკოლო გეოგრაფია".

მომხსენებელმა საკვირაო სკოლის მსმენელებს გააცნო გეოინფორმაციული სისტემები (გის), როგორც მონაცემთა სივრცითი ანალიზის კომპიუტერულ-პროგრამული საშუალებები, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე მსოფლიოში წარმატებით გამოიყენება. XXI საუკუნე ინფორმაციის ახალი ერაა და პრაქტიკული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა ოპერატიული გეოგრაფიული ინფორმაციის ფლობის, სივრცითი მონაცემების მართვისა და ანალიზის ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. მან მოსწავლეებს განუმარტა, რომ კვალიფიციური გეოინფორმაციული სისტემები დაფუძნებულია გეოდეზიის, ტოპოგრაფიის, კარტოგრაფიის იდეოლოგიურ საწყისებსა და სიღრმისეულ ცოდნაზე. სასკოლო გეოგრაფიის ელემენტარული საფუძვლების სწავლების გარეშე კი აღნიშნული მეცნიერებების დაუფლება და მონაცემთა ბაზებთან მათი ურთიერთშერწყმა ფაქტიურად წარმოუდგენელია. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა აგრეთვე სწავლების ინტერაქტიულ და კრეატიულ სხვადასხვა მეთოდზე (როგორიცაა: რუკების დანახვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელით შექმნილი რუკები, GPS თამაშები, კოორდინატების თამაში, GIS პაზლები, გეოგრაფიული ქუესტები, ამბის რუკები და ა. შ.), რომელიც საჭიროა გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნის მისაღებად და შემდგომში მის სიღრმისეულად დასაუფლებლად. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა GIS სპეციალისტების დასაქმების სფეროებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილში კი მომხსენებელმა ახსნა თუ როგორ მოხერხებულად შეიძლება გამოიყენო გუგლის "დედამიწაში" ჩანერგილი აეროგადაღება, 3D ობიექტებისა და გუგლის ქუჩის ხედვის რეჟიმი. საკუთარი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე კი (საქართველოს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე ლაშქრობის დროს მის მიერ მოპოვებული სხვადასხვა სივრცული მონაცემების ანალიზი და რუკის დამუშავება) მოსწავლეებს თვალნათლივ დაანახვა გეოინფორმაციული სისტემების პრაქტიკაში გამოყენების ფართო შესაძლებლობები.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში გეოინფორმაციული სისტემების პოპულარიზაცია ახალბედებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის და ისეთი ადგილობრივი საზოგადოების შექმნა, რომელიც დაინტერესებული იქნება გეოსივრცული ტექნოლოგიებით.

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მსმენელთა საყურადღებოდ!28 მარტს, შაბათს, ...
25/03/2026

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მსმენელთა საყურადღებოდ!

28 მარტს, შაბათს, ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის სტუმარი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი კაპანაძე. იგი საკვირაო სკოლის მსმენელთა წინაშე წარსდგება პრეზენტაციით - "გეოინფორმაციული სისტემები და სასკოლო გეოგრაფია".

ლექცია გაიმართება საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში. მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N 11.

დასწრება თავისუფალია

საკონტაქტო ტელეფონი - 577 600 861

2026 წლის 17 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ს...
18/03/2026

2026 წლის 17 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის ალქსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ. პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპიდენტმა ნანა ბოლაშვილმა. ცნობილი მეცნიერის შესახებ საინტერესო და თბილი მოგონებებით გამოვიდნენ მისი კოლეგები, მოსწავლეები და საქმიანობის გამგრძელებლები, ახლობლები და ოჯახის წევრები: გულიკო ლიპარტელიანი, ციალა ბექურაიძე, დალი ნიკოლაიშვილი, თენგიზ გორდეზიანი, ნოდარ მათიაშვილი, მანანა შარაშენიძე, ლია ასლანიკაშვილი, მელორ ალფენიძე, ლია მაჭავარიანი და სხვები.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა ყოველწლიური, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც...
21/12/2025

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა ყოველწლიური, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა და ალექსანდრე ჯავახიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ცამეტი მოხსენება, რომლებიც ეხებოდა გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის, თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ასევე დოქტორანტებმა. სხდომის სამეცნიერო ნაწილის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში დიდი სითბოთი გაიხსენეს ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი, რომელიც იყო 19 დეკემბერს, მოგზაურთა მფარველის - წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების ინიციატორი და სულისჩამდგმელი. მიმდინარე წელს საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ უკვე ოცდამერვედ უმასპინძლა ღონისძიებას.

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, პარასკევს, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოებისა და ივანე ჯავა...
17/12/2025

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, პარასკევს, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება წლიური შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენცია. შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას საფუძველი ჩაეყარა 1997 წელს პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის ინიციატივით. წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 28-ედ უმანსპინძლებს კონფერენციას და ამჯერად ღონისძიება საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლისთავს მიეძღვნება.

კონფერენციის პროგრამა

მოხსენების რეგლამენტი - 15 წუთი
შეკითხვები - 5 წთ.

დილის სხდომა
თავმჯდომარე გეოგრ. დოქტ. დალი ნიკოლაიშვილი

11.00 კონფერენციის გახსნა – საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე

11.20 დალი ნიკოლაიშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – გეოგრაფია როგორც მეცნიერება: ალექსანდრე ჯავახიშვილის ხედვა

11.40 თენგიზ გორდეზიანი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თედო გორგოძე (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო), გოჩა გუძუაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზურაბ ლაოშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), საბა მოდებაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ქართველ კარტოგრაფთა დელეგაცია საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით ქ. ზადარში (ხორვატია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მომავლის პერსპექტიული კონტურები

12.00 რევაზ გაჩეჩილაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი) – საუდის არაბეთის ახალი გეოპოლიტიკის თავისებურებები

12.20 გულიკო ლიპარტელიანი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი), მანანა ქურთუბაძე (დამოუკიდებელი კარტოგრაფი) – საქართველოს რეგიონული ატლასების შესახებ

12.40 ციური ბერიძე (ვლადიმერ [ლადო] აღნიაშვილის საზოგადოება) – ლადო აღნიაშვილი და ფერეიდნელი ქართველები

13.00 ილია ოქრომელიძე (საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია) – საქართველოს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაციის დეფიციტი, რო-გორც ბუნებაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი

შესვენება 13.20 - 14.20

საღამოს სხდომა
თავმჯდომარე გეოგრ. დოქტ. თენგიზ გორდეზიანი

14.20 მანანა შარაშენიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – საქართველოს მევენახეობა - მეღვინეობის პრობლემები, მდგრადი განვითარების კონცეპტუალური საკითხები

14.40 მელორ ალფენიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ანაკლიის ლაზიკის სანავსადგურო კომპლექსის რეალიზაციის ბუნებრივ-მორფოდინამიკური წანამძღვრები და სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობა

15.00 ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ნინო ჯორბენაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი), ქეთევან რეხვიაშვილი (ქ. თბილისის 41-ე საჯარო სკოლა) – უცხოურ ტოპონიმთა მართლწერის ღია გაკვეთილები საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის

15.20 ნელი ჯამასპაშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – გეოგრაფიაში აღქმის საკითხზე: გეოსისტემების შეფასება მათთვის ესთეტიკური მნიშვნელობის ამა თუ იმ სტატუსის „მინიჭების“ მიზნით

15.40 რობერტ მაღლაკელიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ალექსანდრე ჰუმბოლდტის ნაშრომი ,,კოსმოსი'' და თანა-მედროვე გეოგრაფიის ზოგიერთი თეორიული საკითხი

16.00 ზურაბ ლაოშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) – ლანდშაფტის პერცეფცია მთის მდგრადი ტურიზმის განვითარებაში

16.20 მზია კუბეცია, მარიამ შანავა (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – იმერეთის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების შეფასება ეკოლოგიური დაძაბულობის მიხედვით

16.40 კონფერენციის შეჯამება

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზი; მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა № 11

საკონტაქტო ტელეფონები: ოფისი – 995 322 996 187; მობილური – 995 577 600 861

31 მაისს, შაბათს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსე...
04/06/2025

31 მაისს, შაბათს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის - "ტოპონიმებით დანახული საქართველო" - ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება.

ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის 28 მოსწავლემ, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პროექტის ორგანიზატორების (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლების, ფილოლოგიის დოქტორების: ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანის, ნინო შარაშენიძის, ნინო ჯორბენაძის და არასამთავრობო ორგანიზაცია Innovative Systems Management -ის კოორდინატორის ნანა ხუსკივაძის) და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ შემეცნებით-ინტერაქტიურ აქტივობებში: ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, შემდეგ კი მოისმინეს გაკვეთილი - "ტოპონიმებით დანახული საქართველო", რომელზეც მოწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს იმაზე თუ რას შეისწავლის ტოპონიმია, როგორ ინახავს გეოგრაფიული ადგილის სახელი ისტორიულ და ხალხურ მეხსიერებას, რას გვიყვება ქართული ტოპონიმია ვაზის კულტურაზე და რატომ არის საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო.

არაჩვეულებრივ გარემოში - იქ, სადაც ისტორია და ბუნება ერთმანეთს ხვდება, ჩატარებული გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი მოეწყო შემეცნებითი თამაში: „მოდი, ვნახოთ ვენახი“. ასევე მოსწავლეებს მიეცათ საზაფხულო დავალება - „ეძიე ტოპონიმი“.

ქართული ენით, ტრადიციებით და ქვეყნის რუკის მეშვეობით საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით მოწყობილმა შესანიშნავმა ღონისძიებამ, რომლის სლოგანი გახლდათ „გაეცანი, იფიქრე, ითამაშე, აღმოაჩინე, შექმენი“ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამ უნიკალური საგანმანათლებლო-კულტურული თავგადასავლით საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებულმა ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლამ დაასრულა 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე!

მადლობა ღონისძიების ყველა მონაწილეს ფოტოების მოწოდებისათვის.

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეთა და ყველა დაინტერესებული პირის ...
28/05/2025

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეთა და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ!

31 მაისს, შაბათს, 12 საათზე გელოდებით უნიკალურ საგანმანათლებლო-კულტურულ თავგადასავალზე!

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, იქ სადაც ისტორია და ბუნება ერთმანეთს ხვდება, ჩატარდება განსაკუთრებული გაკვეთილი!

მოწვეული სპეციალისტები: არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების თანამშრომლები: ნ. ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ნ. შარაშენიძე, ნ. ჯორბენაძე და ნ. ხუსკივაძე პროექტის ფარგლებში - "ტოპონიმებით დანახული საქართველო" - შემოგვთავაზებენ შემეცნებით-ინტერაქტიურ მეცადინეობას.

თქვენ გელით:

1. მუზეუმის დათვალიერება

2. გაკვეთილი - "საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო"
შეიტყობთ:
• რას შეისწავლის ტოპონიმია
• როგორ ინახავს გეოგრაფიული ადგილის სახელი ისტორიულ და ხალხურ მეხსიერებას
• რას გვიყვება ქართული ტოპონიმია ვაზის კულტურაზე
• რატომ არის საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო

3. შემეცნებითი თამაში „მოდი, ვნახოთ ვენახი“

4. საზაფხულო დავალება - ეძიე ტოპონიმი!

5. ხემსი

შემოგვიერთდი, თუ გსურს საქართველოს უკეთ გაცნობა მისი ენით, რუკით, ტრადიციებით!

გაეცანი, იფიქრე, ითამაშე, აღმოაჩინე, შექმენი!

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ჩატარების დეტალები და მისი ამსახველი ფოტო-მასალა, პოსტერის სახით, წარდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ივლისში პალმა დე მალიორკაში (ესპანეთი).

ვიკრიბებით 31 მაისს, შაბათს 11:00 საათზე, ბაგებში, კუს ტბის ასასვლელ გზატკეცილთან.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 600 861

4 მაისს, კვირას, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყო...
08/05/2025

4 მაისს, კვირას, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყო ძველი თბილისის ტური, რომლის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს დედაქალაქის შემდეგი ღირშესანიშნაობები: აბანოთუბანი (აბანოს ქუჩა - ლეღვთახევის გაყოლებაზე), მეიდნის ბაზარი გვირაბში, ჟან-შარდენის ქუჩა - მანთაშევის რიგები, თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა (სასულიერო სემინარია), სიონის ტაძარი, იერუსალიმის მოედანი, ბეთლემის ქუჩა, გომის ქუჩა, კლდისუბნის წმ გიორგის ეკლესია, ათეშგა, ბეთლემის ზემო და ქვემო ეკლესიები (ფეთხაინის ეკლესიები), ბეთლემის ქუჩა-კიბე, ლადო გუდიაშვილის მოედანი - ცისფერი სახლი (XIX ს.-ში ჰაუპვახტი, XX ს.-ში - გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს’’გამომცემლობა ), ლერმოტოვის ქუჩა, გალაქტიონის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ისტორიული შენობა (სეილანოვების სახლი მოხატული სადარბაზოთი, თამამშევის სახლი ქართული ორნამენტებით, ტერ აკოპიანის სახლი), ასევე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე კალანტაროვის სახლის სადარბაზო, ეზო და დავით სარაჯიშვილის სახლი. ტურის მონაწილეებმა ასევე შეიარეს ლადო ასათიანის 42 ნომერში მდებარე წყაროიან ეზოში, სადაც ბავშვობაში ფიროსმანი ცხოვრობდა. შემდეგ კი ესტუმრნენ ქიქოძის ქუჩაზე მდებარე ძმები მილოვების იტალიურ ვილას, საიდანაც პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გავლით მოხვდნენ დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე, სადაც მირზა რეზა ხანის ალმასის სასახლის და ბოზარჯიანცის სახლის მონახულებაც შეძლეს. ტურის ბოლოს კი ექსკურსანტები მამადავითს ესტუმრნენ და მთაწმინდის პანთეონში ქართველი მგოსანთა საფლავებთან ლექსების წაკითხვით ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს, რითაც თავისებური ხიბლი შესძინეს ამ მშვენიერ ღონისძიებას.

მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გეოგრაფიული საზოგადოების სტუმარმა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) გეოგრაფიისა და ისტორიისა ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა ურბანისტმა, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა რუბენ კამილო ლუის გონსალესმა. იგი რამდენიმე დღით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში და საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ნორჩ გეოგრაფთათვის დაგეგმილ ტურს სიამოვნებით შეუერთდა.

ძველი თბილისის ღირშესანიშნაობების მონახულებისას ტურ-ოპერატორის ფუნქცია იკისრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის აღზრდილმა ლუკა ნოზაძემ.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება მადლობა უხდის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგს რუსუდან მურცხვალაძესა და ძველი თბილისის ტურში მონაწილე ამავე სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
მადლობა ასევე ტურის ყველა მონაწილეს ფოტოების მოწოდებისათვის.

მიმდინარე  წლის 12 აპრილს საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოებაში ნორჩ გეოგრაფთა საკვირა...
17/04/2025

მიმდინარე წლის 12 აპრილს საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოებაში ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მსმენელთათვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ელექტრონული ატლასების გამოყენება სასწავლო დანიშნულებით“. პრეზენტაცია გააკეთა გეოგრაფიის დოქტორმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თედო გორგოძემ.
სალექციო თემამ, რომელიც ეხებოდა საჯარო და კერძო სკოლებში გეოგრაფიის სწავლების მიმართულებით უახლოეს მომავალში კედლის ქაღალდის რუკებისა და სამაგიდე ატლასების გაცილებით უფრო მოქნილი და პრაქტიკული ელექტრონული ატლასებითა და სხვა სახის კარტოგრაფიული გამოსახულებებით ჩანაცვლების შესაძლებლობას, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასრულების შემდეგ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა საბა მოდებაძე მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სკა-ს მიერ სასკოლო კარტოგრაფიის მიმართულებით მიმდინარე წელს გამოცხადებული კონკურსის შესახებ, რომელიც სხვადასხვა თემატიკით იმართება ყოველწლიურად, ხოლო გამარჯვებული კარტოგრაფიული ნაწარმოებები იგზავნება საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კონფერენციებზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Address

საქართველო, თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 11
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia:

Share