სამუზეუმო დარგს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ხნის ისტორია აქვს. ფასდაუდებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლი საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარების თვალსაზრისით.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დაფუძნებამდე ნიკო ცხვედაძის თაოსნობით აშენებულ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში ბინა დაიდეს წერა-კითხვის გამავრცელებელმა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებე
ბმა, რომლებსაც უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციები ჰქონდათ.
ჯერ კიდევ 1919 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას და შესთავაზა უნივერსიტეტში ხელოვნების კაბინეტის ან მუზეუმის მოწყობის გეგმა, მთავარი მისი არგუმენტი იყო ის გარემოება, რომ იმ დროისთვის უნივერსიტეტში თავი მოიყარა უნიკალურმა ისტორიულ–მხატვრული ღირებულების მქონე ნივთებმა.
1921 წელს, სრულიად საქართველოს საეკლესიო სიძველეთა მუზეუმი ქართულ უნივერსიტეტს გადაეცა. ამდროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში თავს იყრიდა "საეკლესიო სიძველეთა მუზეუმთან" ერთად "საისტორიო, საეთნოგრაფიო საზოგადოების", "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კოლექციები და ხელოვნების ნიმუშები. ამ საცავების ექსპონატებით გამდიდრება-შევსებისათვის აქტიურად იღვწოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები.
ქვეყანაში მიმდინარე ყოველგვარი საგანმანათლებლო და სამუზეუმო საქმიანობის საქმის კურსში იყვნენ უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები, მათ მხედველობის არედან არ რჩებოდათ არც საზღვარგარეთ გამოცემული ბუკინისტური უიშვიათესი წიგნები, ხელნაწერები თუ ისტორიული ღირებულების მქონე ნივთები... ისინი ცდილობდნენ, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, მათ შესყიდვას უნივერსიტეტისათვის.
1925 წელს განსახკომის განკარგულებით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის კოლექციებიც უნივერსიტეტს გადმოეცა.
უნივერსიტეტის მესვეურებმა, დაფუძნებისთანავე პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყეს სხვადასხვა პროფილის კოლექციების შეგროვება: შეძენილ იქნა ცნობილი ფოტოგრაფის ვ.ერმაკოვის ფოტოების ნეგატივები, დ.მალუჟენკოს ენტომოლიოგიური კოლექცია (63 000 ეგზემპლარი), კავკასიის რელიეფური რუკები, მინერალების კოლექცია...
ეს ტრადიცია კვლავ გრძელდება. უნივერსიტეტის ამჟმინდელი მუზეუმი შექმნილია 2008 წელს, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილებით, და აერთიანებს მანამდე არსებულ სამუზეუმო სტრუქრურებს
მუზეუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურული ერთეულია, რომლის მიზანია სამუზეუმო, საგამოფენო, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა, უნივერსიტეტში სამუზეუმო-საგამოფენო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია და პოპულარიზაცია, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერ-დისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა; ქართული საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.